11 დეკემბერი, 2019 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში გამოვიდა ინგლისურ ენაზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის” უნიკალური გამოცემა. პროექტის ავტორი გამომცემლობა „რუსთაველი 850“.

1912 წელს ლონდონში ოლივერ უორდროპის მიერ პირველად გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ სრული ინგლისური თარგმანი, რომელიც შეასრულა მარჯორი უორდოპმა (მარჯორი უორდროპი იყო საქართველოში გაერთიანებულისამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის და) „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის უნიკალურობა მარჯორის მიერ თარგმნილ ტექსთან ერთად არის ე.წ. წერეთლისეული ილუსტრაციები, რომელთა საქართველოში დაბრუნებაც უორდროპების ოჯახის დიდი დამსაახურებაა.

წერეთლისეულ ხელნაწერს და მასში დაცულ  უცნობი მხატვრების მიერ შესრულებულ უნიკალურ ილუსტრაციებს საინტერესო ისტორია აქვს. მრავალი თავგადასავალის შემდეგ ეს უნიკალური ხელნაწერი საბოლოოდ წერეთლების საკუთრება გამხდარა, რომელთა ერთ-ერთი წარმომადგენელს თბილისში ჩამოუტანია, კარგ ყდაში ჩაუსვამთ მაგრამ გზაზე ეტლში დავიწყებია და ექვთიმე თაყაიშვილს ჩავარდნია ხელში. ექვთიმეს კი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის შეუწირავს.

გარკვეული დროის შემდეგ წერეთლებს დაჟინებული მოთხოვნით რამოდენიმე დღით წაუღიათ ხელნაწერი და ექვთიმეს მცდელობით ისევ დაუბრუნებიათ, მაგრამ ხელნაწერიდან 10 ილუსტრაცია ისე ოსტატურად ამოუჭრიათ ექვთიმესაც ვერ შეუმჩნევია.

1911 წლის ბოლოს, ექვთიმე თაყაიშვილმა ოქსფორდიდან მიიღო ოლივერ უორდროპის წერილი, რომელიციტყობინებოდა, რომ დაკარგულ ილუსტრაციებს ვაჭრები ლონდონში ყიდნენ.   უორდროპმა გადაიღო სურათების ფოტოპირები და ექვთიმე თაყაიშვილს გამოუგზავნა თბილისში. სწორედ უორდროპების წყალობით გახდა ცნობილი სად ინახებოდა დაკარგული ილუსტრაციები, რომელიც  ექვთიმე თაყაიშვილმა  სამშობლოში დააბრუნა.

„განსაკუთრებით ამაყები ვართ, რომ საქართველოს ბანკს ჩვენი წვლილი შეგვაქვს ეროვნული საგანძურის – „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე ხელახლა გამოცემაში, რომელიც დამშვენებულია წერეთლისეული ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ 36 ილუსტრაციით, მათ შორის  ის 9 ილუსტრაციაც არის რომლის მოძიებაში და საქართველოში დაბრუნებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ოლივერ უორდროპს.  საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წიგნის პრეზენტაცია ასევე ისტორიულ,  „საკრედიტო საზოგადოების“ შენობაში გაიმართა, რომელიც  პირველი საბანკო ნაგებობაა თბილისში და რომელიც ბანკმა ისტორიული სახით შეინარჩუნა. „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებით საქართველოს ბანკი პარტნიორთან ერთად კიდევ არაერთ სიახლეს გეგმავს. კერძოდ, შეიქმენა სპეციალური პლატფორმა shotarustaveli.ge, სადაც განთავსდება „ვეფხისტყაოსნის“ ყველა გამოცემის ელექტრონული კატალოგი, გამოიცემა შოთა რუსთაველის აფორიზმების კრებული, რომლის მიზანია „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. მოხარული ვართ რომ ჩვენ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ “,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

Menu