ქართული მწერლობის, ქართული პოეტური სულის მწვერვალი შოთა რუსთაველის პოემა ვეფხისტყაოსანი მე-12 საუკუნეში თამარ მეფის ზეობის დროს, საქართველოს განვითარება-აღმავლობის ეპოქაში დაიწერა და 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერის მეშვეობით ვრცელდებოდა.
დღემდე ფრაგმენტების ჩათვლით ვეფხისტყაოსნის 164-მა ხელნაწერმა მოაღწია. მათი დიდი ნაწილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. რამდენიმე – საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, არქივებსა თუ ბიბლიოთეკებში, ხოლო 12 ხელნაწერი – საზღვარგარეთის სიძველეთასაცავებში (მათ შორის: დიდ ბრიტანეტში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში)
რაოდენ დიდი იყო ხელით გადაწერის ტრადიცია და კულტურა, რომ ქართველმა ხალხმა ეს უძვირფასესი განძი, გენიალური პოემა რუსთაველისა ხელნაწერების სახით საუკუნეებს გამოატარა. ვეფხისტყაოსნის ხელნაწერებისადმი მოწიწებამ, ცნობილი თუ უცნობი გადამწერების მიმართ მადლიერების გრძნობამ გამიჩინა სურვილი “21-ე საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი” შეგვექმნა. ამიტომაც თხოვნით მივმართე ჩვენი ქვეყნის მოღვაწეებს, საერო და სასულიერო პირებს, საზოგადოების გამორჩეულ პიროვნებებს, ეტვირთათ ერთდროულად საპატიო და საპასუხისმგებლო მისია.
პროექტის დაწყებიდან რამოდენიმე წელიწადში გავაცნობიერე თუ რამდენად რთულ საქმეს მოვკიდე ხელი, მაგრამ 21-ე საუკუნის გადამწერებმა თავიანთი მოწადინებით, თანადგომით, გულწრფელი გულშემატკივრობით წამახალისეს და ბოლომდე დამასრულებინეს ეს, არამარტო ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ხელნაწერის დამთავრებამდე არაერთმა გამოჩენილმა ქართველმა “ხელნაწერ ვეფხისტყაოსანს” უკვე უწოდა საუკუნის პროექტი. ღმერთმა ქნას, ჩვენმა შთამომავლებმა მართლაც ასე შეაფასონ ჩვენი წამოწყება.
იდეის ავტორისგან:
“21-ე საუკუნის ხელნაწერი ვეხსისტყაოსანი” 2003-2016 წლებში იქმნებოდა და მიეძღვნა შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისთავს.
გადაწერაში მონაწილეობა მიიღო 21-ე საუკუნის 287-მა ცნობილმა პიროვნებამ. 17-მა მხატვარმა სპეციალურად ამ ხელნაწერისთვის შეასრულა თითო ილუსტრაცია.
მხატვარ რესტავრატორმა ლია სიხარულიძემ ხელნაწერის თითოეული გვერდი საკუთარი შემოქმედებითა და უძველესი ქართული ხელნაწერებიდან გადმოღებული კამარებით, მინიატურებით, ჩანართებითა და ორნამენტული ასომთავრულებით შეამკო..
ბოდიშს ვუხდი 21-ე საუკუნის ყველა ღირსეულ ქართველს ვისაც ვერ შევთავაზე ამ პროექტში მონაწილეობა.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თანადგომა გამოუცხადა ამ პროექტს და თავისი მონაწილეობით პატივი მიაგო იმ გადამწერებს, რომლებმაც ფასდაუდებელი შრომით გენიალური ვეფხისტყაოსანი გადაურჩინეს შთამომავლობას და დღემდე მოიტანეს.
შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება წიგნის ბეჭდური ვერსია და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში.
მუსიკის ავტორი: ანა ქასრაშვილი